ფირნიშები
 
Georgian (Georgia)Turkish (Turkiye)English (United Kingdom)
 
 
მთავარი ახალი ამბები ქრისტიანობა და ისლამი ტერორიზმის წინააღმდეგ
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები

ბოლო სიახლეები





ქრისტიანობა და ისლამი ტერორიზმის წინააღმდეგ ბეჭდვა ელფოსტა

თბილისში გაიმართა შეხვედრა თემაზე
"ქრისტიანობა  და ისლამი ტერორიზმის წინააღმდეგ"

მიმდინარე წლის 26 იანვარს საქართველოს საპატრიარქოსა და ირანის კულტურული წარმომადგენლების ერთობლივი პროექტით ქ. თბილისში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე "ქრისტიანობა და ისლამი ტერორიზმის წინააღმდეგ" სხდომაზე მიწვეულნი იყვნენ ირანის

ისლამური სახელმწიფოს დელეგაცია, რომლებიც ძირითადად იყვნენ თეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორ მასწავლებელები. შეხვედრაზე მიწვეული იყო აჭარის არ მუსლიმათა სასულიერო სამუფთო სამმართველოს უფროსი, მუფთი ზურაბ (ქემალ) ცეცხლაძე, რომელმაც თავის მოხსენებაში ფართოდ გამოხატა ისლამის მიდგომა ამ თემასთან დაკავშირებით. სხდომის დაწყებას წინ უძღოდა შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ილია II-სთან, მან გულთბილად მიიღო სტუმრები და საჩუქრებიც უსახსოვრა.  ყველამ ერთხმად აღნიშნეს, რომ რელიგიები გმობენ ტერორიზმს, რელიგია და ტერორიზმი ეს არის ორი სხვადასხვა მცნება, რომლებაც არავითარი საერთო არ გააჩნიათ. ჩვენ ქვემოთ გთავაზობთ აჭარის მუფთის მიერ გაკეთებული მოხსენების ამონარიდს. 

 მოგესალმებით ყველას და ასევე მინდა გადმოგცეთ ქართველი მუსლიმების მხურვალე სალამი. 
 
ფრიად მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვღებულობ ისეთი საჭირბოროტო თემის ირგვლივ გამართულ დისკუსიაში, რომელიც 21-ე საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული მთელი მსოფლიოს წინაშე დღემდე გადაუჭრელ და მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

ამავდროულად მინდა მწუხარება გამოვთქვა, რომ საუბარი გვიხდება ისეთ საკითხზე, ანუ ტერორიზმზე, რომლის შედეგადაც ათასობით უდანაშაულო ადამიანი ესალმება სიცოცხლეს, გაცილებით მეტი კი რჩება ქვრივ ობოლი და ფიზიკურად ინვალიდი. 

მიზეზი რაც არ უნდა ის იყოს ფაქტი სახეზეა, რომ ყოველდღიურად დღისით, მზისით საზოგადოების თვალწინ უდანაშაულო ხალხი სიკვდილის ყველაზე მძიმე ფორმით ემშვიდობება ამქვეყნიურ ცხოვრებას, ოჯახს, შვილებს და ნათესავებს. 

დღევანდელი გადასახედიდან თუ გადავხედავთ განვითარებულ მოვლენებს დავინახავთ, რომ ტერორიზმის თემაზე დისკუსიები გამძაფრდა მას შემდეგ, როცა განხორციელდა 11 სექტემბრის ტერაქტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. 

ძალზე სამწუხაროა, რომ იმ დღიდან მოყოლებული მთელი მსოფლიოს მედია საშუალებებით მიმდინარეობს მცდელობა იმაზე, რომ ისლამი გაიგივებულ იქნეს ტერორიზმთან, რაც აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ დღეს 21-ე საუკუნეში მცხოვრები საზოგადოების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ კარგად არ იცნობს ისლამს და მის იდეებს. როცა შეხება გვაქვს ისეთ თემასთან, რომელსაც რელიგია ჰქვია და ეს რელიგია მოგვიწოდებს ერთადერთი უზენაესი ღმერთის  მორჩილებისაკენ, როგორ შეიძლება ღმერთის ერთობის მაღიარებელმა რჯულის მიმდევარმა ხელჰყოს ამავე ღმერთის მიერ გაჩენილი სულიერი სიცოცხლე? რომელი რელიგიაც არ უნდა იყოს (ვგულისხმობ ღვთიურ რელიგიებს) ყველას ერთმანეთთან აკავშირებს ერთი საერთო რამ, ეს არის რწმენა ერთი ღმერთისა და საიქიოს ცხოვრებისა, სადაც ყველას მოეკითხება თავისი ნამოქმედარის შესახებ.  აქედან გამომდინარე, ვერცერთი რელიგიის მიმდევარი, თუ ის ნამდვილად მორწმუნეა ვერ ჩაიდენს ისეთ საშინელ დანაშაულს, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა ჰქვია. რელიგიები ტერორს არ ქადაგებენ, მაგრამ თვით პიროვნებები რელიგიას ამოფარებულნი ტერორს განახორციელებენ.  ამა თუ იმ რჯულის მიმდევარი შეიძლება იყოს ტერორისტი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თვითონ ეს რელიგია ქადაგებს ტერორიზმს.  დასანანია რომ ტერორიზმის თემასთან დაკავშირებით  დღევანდელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოხვედრილია ისლამი. მე როგორც ქართველი მუსლიმების სულიერი წინამძღვარი, ამ თემასთან დაკავშირებით  თავს ვალდებულად ვთვლი, კიდევ ერთხელ გავაცნა ჩვენს საზოგადოებას ისლამის უარყოფითი დამოკიდებულება ტერორიზმთან დაკავშირებით. 

ისლამის მთავარი დედა წყარო ღვთიური სიტყვა წმინდა ყურანია. სწორედ ყურანში ვკითხულობთ, რომ ღმერთმა ადამიანი გააჩინა ყველაზე ძვირფას არსებად. მას დაუმორჩილა და მსახურებაში მისცა ყველაფერი, სულიერი და უსულო. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი ადამიანს უდიდეს ღირსებას ანიჭებს, აფასებს და  უყვარს იგი. აქედან გამომდინარე, წმინდა ყურანი კრძალავს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას. წმინდა ყურანში ვკითხულობთ. „ვინც ერთ სულს მოკლავს არა სულის სანაცვლოდ და არც შფოთის აღმოფხვრის მიზნით, თითქოსდა მას მოუკლავს მთელი კაცობრიობა“. სურა მაიდე, აიათი 32. 

როგორც ვხედავთ ყურანის მიხედვით ერთი პიროვნების მოკვლა მთელი კაცობრიობის მოკვლის ტოლფასად ფასდება. მაშ დავფიქრდეთ, განა შეიძლება მორწმუნე ვუწოდოთ იმ პიროვნებას, რომელიც ყურანის სახელით სჩადის ამ უმძიმეს დანაშაულს? პირიქით, მან უარჰყო წმინდა ყურანის მოწოდება, რის გამოც იგი ისლამური დოგმატიკის თანახმად ურწმუნოდ არის შერაცხული და მეტიც, ისლამი კრძალავს ასეთი ადამიანის გარდაცვალებისას მის გაპატიოსნებას და მისდამი ლოცვების აღვლენას. წმიდა ყურანის თანახმად, ამ ადამიანს საიქიოში ელის სამუდამო ჯოჯოხეთი.  აიათი გვეუბნება “ვინც ერთ მორწმუნეს განხრახ მოკლავს, მისი სამაგიერო სასჯელი ჯოჯოხეთია, სადაც იგი სამუდამოდ დარჩება. ალლაჰი განურისხდა, დასწყევლა იგი და მწარე მტანჯველი წამება მოუმზადა მას“. სურა ჰიჯრი, აიათი 29. აშკარად ჩანს, რომ წმინდა ყურანი ალლაჰის სიტყვებით წყევლის ისეთ ადამიანს, რომელიც ერთ მორწმუნეს განზრახ მოკლავს. მაშ რა ბედი ელის საიქიოში ეგრეთ წოდებულ კამიკაძეს, რომელმაც ჯერ თავისი სიცოცხლე ხელჰყო და ასევე სიცოცხლეს გამოასალმა ათობით თუ ასობით უდანაშაულო მორწმუნე ადამიანი. თუ ეს ხალხი ებრძვის ურწმუნოებს და ამით სურთ, რომ შეასრულონ თავიანთი მისია ისლამში, წმინდა ყურანი ასეთ საქციელსაც გმობს. აიათში ვკითხულობთ „(მუჰამმედ) უთხარი მათ ვინც ირწმუნეს, რომ მიუტევონ იმათ ვისაც არ ჰგონია, რომ ისინი ალლაჰის წინაშე წარსდგებიან იმისათვის, რომ მიუზღოს იმ ხალხს თავიანთი ნამოქმედარის სამაგიერო“. სურა ჯასიე, აიათი 14-15. ამ აიათშიც ნათლად ჩანს, რომ ისლამი მოგვიწოდებს მიმტევებლობას, შემწყნარებლობას და პატიებას არამუსლიმების მიმართ. ასევე ისლამი მოითხოვს თავისი მიმდევრებისაგან ყველას მიმართ პატივისცემას განურჩევლად მათი ეროვნების და აღმსარებლობისა. ისლამი ყველა ადამიანს აცხაცდებს სისხლით ძმად და ეს ნათლად არის ასახული შემდგომ აიათში. „ადამინაებო! უეჭველად ჩვენ გაგაჩინეთ ერთი მამრისა და ერთი მდედრისაგან (წმინდა ადამისა და წმინდა ევასაგან) შემდგომ  დაგყავით ერებად და ტომებად, რათა ერთმანეთი გეცნოთ. ალლაჰის წინაშე თქვენგან ყველაზე უკეთესია ის ვინც უფრო ღვთისმოშიშია, უეჭველად ალლაჰი ყოვლისშემძლეა“. სურა ჰუჯურათი, აიათი 13.
  
ისლამის მიმდევარისათვის საკმარისია ის რომ სრულად გაითავისოს ეს აიათი და ნახავს, რომ მას დაეუფლება პატივისცემისა და სიყვარულის გრძნობა ყველას მიმართ. იმიტომ რომ ყველა ჩვენთაგანი წმინდა ადამისა და ევას შვილები ვართ. 

წმინდა ყურანი არამხოლოდ კრძალავს სხვის მიმართ ცუდად მოპყრობას, არამედ ავალდებულებს თავის მიმდევრებს იზრუნონ საზოგადოების კეთილდღეობისათვის, აღმოფხვრან არსებული ცუდი და მოუწოდონ ხალხს სიკეთის ქმედებისაკენ.  ამის შესახებ წმინდა აიათში ნათქვამია „თქვენ ხართ საუკეთესო მიმდევარნი ხალხისთვის რჩეულნი, სიკეთეს ბრძანებთ, ცუდისაგან განარიდებთ და გწამთ ერთი ალლაჰი“.  სურა ალი იმრანი აიათი 110. 

მორწმუნე მუსლიმი, რაც არ უნდა ისეთ ცუდ გარემოში ცხოვრობდეს, სადაც მის მიმართ ყოველმხრივ მომართულია ცუდი ქმედებები, ასეთ დროს მას ყურანი მოუწოდებს მისდა მი მომართული ყოველი ცუდის სიკეთით მოგერიებას და არ რთავ ნებას მიიღოს რადიკალური ზომები. წმინდა აიათში ვკითხულობთ „სიკეთე და ბოროტება არ შეიძლება ერთიდაიგივე იყოს. ბოროტება შენ სიკეთით მოიშორე და იხილავ  შემდგომში ამ ბოროტმოქმედს საუკეთესო მეგობრად. სინამდვილეში  კი ერთმანეთისადმი მტრული განწყობა გქონდათ“. სურა ფუსსილათი, აიათი 34. 

ხშირად გვესმის რომ ის ადამიანები, რომლებიც არიან ტერორიზმის ორგანიზატორები თუ შემსრულებლები, თავს ასაღებენ მუჯაჰიდებად და თვლიან, რომ მათ შეასრულეს წმინდა რელიგიური მისია ჯიჰადი. დიახ, ისლამში არის ჯიჰადი და ამას არცერთი მუსლიმი არ უარჰყოფს, მაგრამ საჭიროა ამ ტერმინის კარგად გაანალიზება. თუ რას ნიშნავს ჯიჰადი და რა მეთოდებით ხორციელდება იგი. ჯიჰადი ნიშნავს რჯულის გზაზე სულიერ, ფიზიკურ და მატერიალურ ღვაწობას. აქედან გამომდინარე არ გვაქვს უფლება, რომ მაინცდამაინც ჯიჰადი გავაიგივოთ ხელჩართულ ბრძოლასთან. ასევე ისლამი ნებას არ რთავს ჯიჰადის საბრძოლო ფორმით ინდივიდუალურ გამოცხადებას ანუ, არა აქვს უფლება არც პიროვნებას, არც რომელიმე დაჯგუფებას, რომ თავისი სურვილისამებრ გამოაცხადოს ჯიჰადი. ჯიჰადს ბრძოლის სახით აცხადებს სახელმწიფო მაშინ, როცა საფრთხე ემუქრება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და აღმსარებლობის ხელშეუხებლობას. ამის შესახებ წმინდა აიათი ნათლად გვეუბნება „ალლაჰი არ გიკრძალავს თქვენ მათ მიმართ კეთილად და სამართლიანად მოპყრობას, რომელნიც არ გეომებიან თქვენ რჯულის გამო და არც გაძევებენ თქვენივე საცხოვრისიდან. ალლაჰი გიკრძალავს იმ ხალხთან მეგობრობას, რომელნიც გეომებიან რჯულის გამო და გაძევებენ თქვენივე სამშობლოდან. ვინც ასეთ ხალხს დაუმეგობრდებიან თავად არიან ცოდვილნი“. სურა მუმთეჰინე, აიათი 8-9.  ამ აიათიდან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია სრული ტერორი ვუწოდოთ იმ ქმედებას, რომელსაც სხვისი ქვეყნის ოკუპირება ჰქვია. რის შედეგადაც უამრავი უდანაშაულო ადამიანი  იხოცება, უსახლკაროდ რჩება და იძულებული ხდება მიატოვოს თავისი სახლ-კარი. 

ძალზედ დასანანია ისეთი ანტი ისლამური პროკლამაციების მოსმენა, რომლებიც ქადაგებენ რომ თითქოსდა ისლამის მთავარ იდეას მოიცავს  დაუნდობელი სისხლისმღვრელი ბრძოლა. გავიხსენოთ ჯერ კიდევ ისლამის დასაწყისში წმინდა მუჰამმედ შუამავლის დროინდელი საბრძოლო მეთოდიკა. მისი ბრძოლები ყოველთვის იყო თავდაცვითი ხასიათის და ამ ბრძოლებშიც კი იგი მოუწოდებდა მებრძოლებს არ დაეხოცათ ბავშვები, ქალები, მოხუცები და არ გაენადგურებინათ სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე ხალხთა სამლოცველოები.  დღეს კი ჩვენ ამის საპირისპირო ქმედებების მოწმენი ვხდებით. პირადი ინტერესების გამო იხოცებიან ქალები, ბავშვები, უდანაშაულო ადამიანები.
 
და ბოლოს, მინდა აღვნიშნო რომ ისლამი და ტერორიზმი ესაა ორი სრულიად საპირისპირო მცნება. ისლამი მშვიდობაა, ისლამი წყალია, ტერორიზმი კი ცეცხლი. ცეცხლი და წყალი ერთად ვერ იარსებებს.

მოვუწოდებ მთელ კაცობრიობას მშვიდობისაკენ, ურთიერთდამი სიყვარულისაკენ, შევთხოვ უზენაეს ღმერთს დაამყაროს მსოფლიოში მშვიდობა, შეარიგოს ყველა ურთიერთ განდგომილი, ღმერთმა დაიფაროს ჩვენი სამშობლო ყოველგვარი უბედურებისაგან, შიდა თუ გარე მტრებისაგან, გააერთიანოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო. 

 აამინ!
აჭარის ა.რ. მუსლიმანთა სასულიერო
სამუფთო სამმართველოს უფროსი,
მუფთი ზურაბ (ქემალ) ცეცხლაძე

წყარო: გაზეთი რწმენა იანვარი.

 
 

copirght © 2007 - 2018 All rights reserved