ფირნიშები
 
Georgian (Georgia)Turkish (Turkiye)English (United Kingdom)
 
 
მთავარი ჩვენს შესახებ მუსლიმანი ქალის ცხოვრება
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები

ბოლო სიახლეები





მუსლიმანი ქალის ცხოვრება ბეჭდვა ელფოსტა


დღევანდელ პერიოდში ცხოვრება ზოგადად სირთულეებთანაა დაკავშირებული და ეს სირთულე რა თქმა უნდა არც მუსლიმანი ქალისთვისაა უცხო, განაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ნაკლებად იცნობენ ისლამს და მის წესებს და სადაც რთულია გაიგონ, რატომ დადის ასე "უცნაურად" ჩაცმული ქალი. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი.

ჩვენს კუთხეში ხშირად შეხვდებით ასე ,,უცნაურად” ჩაცმულ ქალბატონებს, რომლებიც ხშირად გამხდარან კრიტიკისა თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლნი. მათ ხშირად აღიქვამენ, როგორც მონაზვნებს _ ,,დამლოცე დედაო”; ან როგორც თურქებს, ან თურქის ცოლებს _ ,,თურქი ხარ? აბა თურქის ცოლი? მაშინ თათარი? აბა ქართველი და ასე ჩაცმული?!”. ეს ის კითხვებია, რომელსაც ქუჩაში გასულ მუსლიმან ქალს ყველაზე ხშირად უსვამენ. ისმის უფრო უცნაური რეპლიკებიც _ ,,ნახე ნახე თურქი მოდის, ფუ რას გავს?! როგორი ჩაცმულია?!”, _ ,,ჩუმათ, არ გაიგოს სირცხვილია”, _ ,,კარგი რა, მაგან ხომ ქართული არ  იცის, რას მიხვდება”. არადა თქვენ წარმოიდგინეთ რას გრძნობს ეს ქალბატონი ამ დროს, ის ხომ სულით-ხორცამდე ქართველია, ის ხომ ამაყობს მისი ქართველობით, პატივსცემს ქართულ ენას და მას არ ღალატობს თუნდაც მაშინ, როცა ის მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში იმყოფება, რომელი სახელმწიფოს ენაც საკმაოდ კარგად იცის. ალბათ საკმაოდ რთულია მოისმინო ასეთი უაზრო შეკითხვები და რეპლიკები საზოგადოებისგან, მაგრამ მუსლიმი ქალი რა მუსლიმია, თუ მას არ გააჩნია ნებისყოფა და პატიების უნარი. ის საკმაოდ მოთმინებით იტანს ამ ყველაფერს რწმენის დახმარებით. 

თქვენ წარმოიდგინეთ და საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ასეთ რეპლიკებს ისვრის უაზროდ და უმისამართოთ,  თავი საკმაოდ განათლებულ პიროვნებად მოაქვს და თავის თავს ევროპელს ეძახის. მაგრამ რომელი განათლებული პიროვნება გინახიათ, რომელიც რომელიმე სარწმუნოებას და მის მიმდევრებს ლანძღავდეს და დასცინოდეს. ალბათ ამ ადამიანმა არც იმ სარწმუნოების ისტორია, არსი, მნიშვნელობა და სულიერი სიმდიდრე იცის, რომელსაც მან ,,ემსახურება”.

და ეს ჩვენი ქართველი ,,განათლებული საზოგადოების წევრები”, ამ ,,უცნაური” ჩასაცმელის – ხიჯაბის მატარებელ ქალბატონებს ხშირად გაუნათლებლებსაც უწოდებენ. არადა პირიქითაა, ეს ქალბატონები იმაზე მეტად არიან განათლებულები, ვიდრე ბევრ ჩვენთაგანს წარმოგვიდგენია. ბათუმში მყოფ მუსლიმი ქალბატონების უმეტესობას განათლება საზღვარგარეთ აქვს მიღებული, კერძოდ, თურქეთში. იქ მხლოდ რელიგიას არ სწავლობენ, მათი სურვილის მიხედვით სხვადასხვა სპეციალობებსაც ეუფლებიან და აქტიურად ებმებიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

მე რამოდენიმე მათგანს გავესაუბრე და ალბათ უფრო საინტერესო იქნება, თუ რას ფიქრობენ ისინი ამ ყველაფერთან დაკავშირებით.

ნანი აბაშიძე:
,,სასურველია ქალი ოჯახში იყოს, მაგრამ აუცილებელია ჰქონდეს სხვა პროფესია და სამსახური, ამას რელიგია არც გავალდებულებს და არც კრძალავს. მე არ ვარ იმის მომხრე, რომ ადამიანი იყოს მხოლოდ რელიგიურად განათლებული, ეს არ აკმაყოფილებს დღევანდელ ცხოვრებისეულ პირობებს, საჭიროა უფრო მეტი ისწავლო. სხვა სახის განათლებით რელიგიაში უფრო ძლიერი ხდები. რატომღაც უმეტესობა ფიქრობს, რომ მუსლიმანი ქალი შეზღუდულია სარწმუნოებისგან, ქმრისგან _ ეს მცდარი აზრია, მუსლიმანი ქალი არასდროს არ გრძნობს თავს შეზღუდულად, პირიქით, იგი ღმერთის კანონებს ემორჩილება და თუ ღმერთი გიყვარს, მისი ბრძანებაც მისაღებია, და მასში ნამდვილი მორწმუნესათვის უცნაური არფერია. დღევანდელ დღეს, როცა გაივლი ქუჩაში ვერ განასხვავებ ქალსა და მამკაცს ერთმანეთისგან, თუნდაც ჩაცმულობით, ჩვენს რელიგიაში კი ამ მხრივ მკვეთრი განსხვავებაა. უფრო მეტად არის დაცული ქალის უფლებებიც.”

მაყვალა ხმალაძე:
,,ზოგიერთი ვერ იკავებს თავს და გისვამს საკმაოდ უხერხულ შეკითხვას, მაგრამ ეს მხოლოდ იმ ადმიანებისგან მოდის, ვისაც რწმენის არაფერი გაეგებათ. მეორეს მხრივ, მუსლიმანი ქალი სხვა ქალებისგან განსხვავებით დღევანდელ პერიოდში უფრო მეტად დაცულია, მას უფრო მეტად აღიქვამენ ქალად. დღევანდელ მსოფლიოში ხომ ყველა ცდილობს შეეწინაღმდეგოს ბუნებას და "დაამტკიცოს", რომ ქალი და კაცი არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან, შინაგანად კი ყველამ კარგად იცის, რომ ეს ასე არ არის. მუსლიმან ქალს ღმერთის სამსახური უნარჩუნებს იმ სახეს, რაც მას ღმერთმა მიანიჭა, მასში სჭარბობს ქალური თვისებები, არ მოდის დისჰარმონიულობაში ბუნებასთან, ის თავისი არსებით არის ის ვინც სინამდვილეშია. რწმენით გაჯერებულ ქალს უკეთესად შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება. ის არ არის მატერიალისტი, მასში უფრო მეტი სულიერებაა, მისგან მოდის ის დადებითი მუხტი, რომლის ასეთი საჭიროებაც არსებობს დღეს. მას შესწევს უნარი აღზარდოს პატიოსანი, რწმენით გაჯერებული შვილები, უფრო მეტად შეუძლია თავი მიუძღვანს ოჯახს. მუსლიმ ქალს შეუძლია დაამტკიცოს, რომ XXI საუკუნეშიც შესაძლებელია იცხოვრო ისე, რომ გქონდეს შენი ფასეულობები და არ აკეთო ის, რასაც სხვა ყველა აკეთებს. ის სიწმინდის, პატიოსნების, თავმდაბლობის, ქალურობის განსახიერებაა. მას არ სჭირდება თავის დაცვა, იმიტომ რომ მას რწმენა იცავს.”

საბედნიეროდ არსებობენ კულტურული და განათლებული ადამიანებიც, რომლებიც პატივს სცემენ და ქედს იხრიან მორწმუნეების წინაშე.

მაგრამ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე დამერწმუნებით, რომ საზოგადოებაში არსებული ბევრი სტერეოტიპი დასამსხვრევია _ თურმე მუსლიმანი ქალი საკმაოდ თავისუფალი და დამოუკიდებელია, მას შეუძლია მიიღოს განათლება, ჰქონდეს პროფესია და იმუშაოს ამ პროფესიით, ის საკმაოდ აქტიურად მოღვაწეობს საზოგადოებრივ საქმიანობებში, მას არავინ არ ბოჭავს და არ ზღუდავს. და თუ სარწმუნოება რამეს კრძალავს, ეს აუცილებელიცაა, რადგან ,,უჩარჩო სურათი ხიბლს, ფორმას და სილამაზეს კარგავს”.

მოამზადა შორენა ქათამაძემ

 
 

copirght © 2007 - 2018 All rights reserved