ფირნიშები
 
Georgian (Georgia)Turkish (Turkiye)English (United Kingdom)
 
 
მთავარი ახალი ამბები ყურბან-ბაირამი აჭარაში
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები

ბოლო სიახლეები





ყურბან-ბაირამი აჭარაში ბეჭდვა ელფოსტა


მსხვერპლშეწირვა (ყურბანი) კაცობრიობის დასაბამიდან დღემდე მოღწეული ერთ-ერთი ღვთისმსახურებაა, ეს ტრადიცია ყველა რელიგიაში არსებობს. ამ დღესასწაულს ისლამში "იიდ-ალ ადჰა", ანუ ყურბან-ბაირამი ეწოდება. ამ დღეს ყველა თავისუფლებაში მყოფი,

ჭკვიანი, ზრდასრული და მატერიალურად შეძლებული მუსლიმი პირუტყვის სახით მსხვერპლს სწირავს ალლაჰს. სიტყვა ყურბანი მომდინარეობს არაბული სიტყვა „ყერებე“-საგან, რომელიც ნიშნავს დაახლოებას, ანუ ღმერთთან დაახლოებას.  ყურბანი ნაწილდება სამ ნაწილად: ერთი ნაწილი ოჯახში რჩება, დარჩენილი ორი ნაწილი კი მეზობლებში, ახლო ნათესავებში და ღარიბებში ნაწილდება. მსხვერპლშეწირვის რიტუალი ტარდება მთვარის კალენდრით ,,ზილჰიჯჯას” თვის მეათე დღეს. ამავე დღეს ტარდება ,,ჰაჯობის რიტუალი”, ანუ მოლოცვა მექაში, სადაც უამრავი მუსლიმი იკრიბება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

ყურბან-ბაირამის დღესასწაული ყოველთვის ერთსა და იმავე რიცხვში არ აღინიშნება, იგი ყოველ მომდევნო წელს ათი დღით ადრე იწყება. წელს ეს დღესასწაული 27 ნოემბერს აღინიშნა. აჭარის მთავარ მეჩეთში მომლოცველებმა მოსვლა დილის 8 საათიდან დაიწყეს. მოგვიანებით მოსულ მუსლიმებს მლოცველთა სიმრავლის გამო ლოცვის შესრულება მეჩეთის ეზოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოუხვდათ.

ლოცვის დასრულებისას, აჭარის ა.რ. მუსლიმთა სასულიერო სამუფთო სამმართველოს უფროსმა, აჭარის მუფთმა, ჰაჯი ქემალ ცეცხლაძემ იქ მყოფთ წმინდა დღესასწაული მიულოცა:

,,დღეს არის ყურბან-ბაირამი, ძალიან სასიხარულო დღე, რომელიც მომდინარეობს ჯერ კიდევ იბრაიმ შუამავლისაგან. დღეს მთელი მსოფლიოს მუსლიმები სწირავენ შესაწირს, ეხმარებიან გაჭირვებულებს, უმწეოებს, ერთმანეთს ვულოცავთ და გვიხარია. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ერთად ჩვენს ქართულ მეჩეთში იმისათვის, რომ ღმერთს ვთხოვოთ ამ ყურბნის ყაბულობა, ერის მთლიანობა, სიმშვიდე და სიკეთე ხალხისთვის”.

მილოცვას შეუერთდნენ აჭარის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლები. მთავრობის თავმჯდომარემ, ბატონმა ლევან ვარშალომიძემ მუსლიმებს გვერდში დოგმა აღუთქვა:

,,დღევანდელ დღეს მივულოცავ აჭარაში მყოფ, საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმანს. ყურბან-ბაირამი არის დღე სიყვარულის, ურთიერთდახმარების. დღევანდელი  დღე იქნება საწინდარი იმისა, რომ მომავალში მთელი საქართველო ერთმანეთთან ხელიხელჩაკიდებული ვნახოთ. ჩვენ გვჭირდება გაძლიერება, ერთად დოგმა და ურთიერთსიყვარული, ხოლო ეს წმინდა დღე გვაძლევს იმის რწმენას, რომ ჩვენ ერთად დგომით ბევრ რამეს მივაღწევთ”.

 ეს დღე ერთგვარად ქველმოქმედების დღეა, სამუფთო სამმართველოს წარმომადგენლებმა ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ მეჩეთის წინ შეკრებილ მლოცველებს.

როგორ აღნიშნავენ წმინდა დღესასწაულს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები მუსლიმები

ყურბან-ბაირამი ისლამის უდიდესი და უძვირფასესი დღესასწაულია. ამ დღეს ყველა დიდი შემართებითა და ქველმოქმედებით ხვდება. "ეს დღე სიმბოლოა სიყვარულის, ურთიერთშერიგების, თანადგომისა და ქველმოქმედებისა"– ბრძანებს აჭარის მუფთი, ჰაჯი ქემალ ჩეცხლაძე.  აჭარის ა.რ. მუსლიმანთა სასულიერო სამუფთო სამმართველომ, კერძოდ, საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსლიმებისა და თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრები მუსლიმი ძმების ფულადი შემოწირულობებით,  აჭარის რეგიონში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები ხელმოკლე ოჯახებისათვის 100–ზე მეტი სული შესაწირავი ყურბანი შეიძინა და თითოეულ გაჭირვებულ ოჯახს 4 დან 5 კგ–მდე  ყურბნის ხორცი დაურიგა.

ღონისძიებასთან დაკავშირებით გავესაუბრეთ აჭარის ა.რ. მუსლიმანთა სასულიერო სამმართველოს წარმომადგენელს შუახევის რაიონში, ამავე რაიონის მუფთს, გოჩა (შუქრი) ციციანს:

ბატონო გოჩა როგორ აღნიშნავთ ყურბან–ბაირამს?

,,პირველ რიგში, მოვულოცავ მთელ მსოფლიოში მყოფ ყველა მუსლიმანს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, ყურბან-ბაირამს. რაც შეეხება ამ დღესასწაულთან დაკავშირებულ აქციას, ამის ორგანიზატორი არის აჭარის ა.რ. მუსლიმანთა სასულიერო სამმართველო. აღნიშნულმა სამმართველომ მუსლიმების მიერ შემოწირული თანხებით შეიძინა შესაწირი. შუახევის რაიონს ამ შემოწირულობიდან 20-ზე მეტი სული შესაწირი ყურბანი ერგო, რომელიც დავკალით და მთლიანად დავუნაწილეთ ყველა გაჭირვებულს, ვისთანაც ხელი მიგვიწვდა.”

მსგავსი აქცია როგორც ვიცით აჭარის სხვა რაიონებშიც ტარდება. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ აღნიშნულთან დაკავშირებით?

რა თქმა უნდა ეს საქველმოქმედო აქცია არა მარტო აჭარის რეგიონს, არამედ სრულიად საქართველოს მოიცავს, ყველგან ტარდება სადაც ხელი მიუწდება მუსლიმს. ამ აქციაში არ იგულისხმება მხოლოდ ჩვენი სამმართველოს მიერ ჩატარებული, ორგანზებული საქველმოქმედო აქცია. ამ ძვირფას დღეს ყველა მდიდარი მუსლმი ცდილობს თავისი შესაძლებლობის ფარგლებში განახორციელოს დახმარება ღარიბებზე, მეზობლებსა და ნათესავებზე.

რაც შეეხება ჩვენი სამმართველოს საქველმოქმედო აქციას, თითოეულმა რაიონმა განკუთვნილი თანხით ადგილობრივი მოსახლეობისაგან შესაწირი პირუტყვი შეიძინა, ორგანიზება გაუკეთა და ყურბნის ხორცი ძირითადად იმ ოჯახებს დაურიგდათ, რომლებსაც ყურბნის დაკვლის საშუალება არ აქვთ. თითო ოჯახისათვის განკუთვნილი ხორცი დაახლოებით 4-5 კილოგრამს იწონიდა.

ეს საქველმოქმედო აქცია მხოლოდ  ისლამის მიმდევრებზე ვრცელდება?

"მინდა გითხრათ, რომ ისლამი არის სიყვარულის, ურთიერთდახმარების, ძმობისა და მეგობრობის მქადაგებელი რელიგია.  უზანაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: "რელიგიაში იძულება არ არის, გზა ჭეშმარიტებისა ნათლადაა გარჩეული ცდომილისაგან".  ეს წმინდა აიათი გვეუბნება და გვარიგებს, რომ ჩვენ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი განურჩევლად ერისა, რწმენისა და ფერისა. ჩვენ ერთმანეს პატივი უნდა ვცეთ, თუნდაც მხოლოდ იმისათვის, რომ ადამიანები ვართ. ალლაჰი ბრძანებს: ადამიანი დედამიწაზე ჩემი " ხალიფაა" –რჩეულია. ვფიქრობ ეს საკმარისია იმისათვის, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი და პატივი მივაგოთ ერთმანეთს. ამით მინდა ის ვთქვა, რომ მუსლიმები, როცა დახმარების ხელს ვუწოდებთ, არ ვუყურებთ გაჭირვებული ადამიანის  წარმომავლობას, რწმენასა და მოდგმას. ყველა გაჭირვებული ადაიანი დახმარებას საჭიროებს, მუსლიმი კი ვალდებულია შეძლებისდაგვარად იზრუნოს მათი კეთილდღეობისათვის. მაგალითისათვის, ჩვენს რაიონში ცხოვრობენ ქრისტიანები და იჰოვას მოწმეებიც, ჩვენ  ერთ-ერთი იაჰოვას მოწმისაგან შევიძინეთ ყურბანი და ასევე, მის ოჯახსაც გაუგზავნეთ ყურბნის ხორცი. "

აჭარაში არა ერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც საქველმოქმედო აქციებს ატარებს. მათ შორის არის საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებიც მუსლიმთა მიერ ფინანსდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათგან მხოლოდ მუსლიმი მოსახლეობა ღებულობს დახმარებას, პირიქით, ამ ორგანიზაციების დახმარების ხელი საკმაოდ ფართო არეალს სწვდება. ამგვარი დაწესებულებები განსაკუთრებულად აქტიურობენ მუსლიმანურ დღესასწაულებზე.

ერთ-ერთი ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციაა ,,საქართველოს ახალგაზრდებზე დახმარების ასოციაცია _ ,,სადა”,  რომელიც 2001 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად ატარებს საქველმოქმედო ღონისძიებებს. ამ ორგანიზაციის საქმიანობის უკეთ გასაგებად გავესაუბრეთ ,,სადა”-ს პრეზიდენტს, ბატონ ადამ შანთაძეს.

 ბატონო ადამ კონკრეტულად  რა ღონისძიებებს ატარებს თქვენი ორგანიზაცია?

,,ვისარგებლებ შემთვევით და ყველა ქართველ მუსლიმანს ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიხარულს, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას, რაც დიდი ტკივილია ყველა ქართველი მამულიშვილისათვის და ვუსურვებ ყველას ღმერთთან უფრო მეტად დაახლოებას.

დაარსებიდან 8 წლის განმავლობაში ჩვენ ყოველწლიურად ვანხორციელებთ საქველმოქმედო სამიანობას აღმზრდელობით დარგში, სტუდენტებისთვის გვაქვს პანსიონები, ვეხმარებით მათ სტიპენდიებით, ხოლო სტუდენტებს მაღალმთიანი რაიონებიდან შეძლებისდაგვარად ვუფინანსებთ სწავლის საფასურს. ასევე, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ვეხმარებით კვების პროდუქტებით, მედიკამენტებით, ტანსაცმლით და სხვა”.

რამდენად აქტიურად არიან ჩართული ორგანიზაციის საქმიანობაში ეს სტუდენტები?

,,ახალგაზრდებისგან ძალიან კმაყოფილები ვართ. საქველმოქმედო აქციების პროცესში განსაკუთრებით ეს სტუდენტები თავგამოდებით, ყოველგვარი ანგარების გარეშე ჩვენს გვერდში დგანან, უყვართ მოსახლეობაზე ხელის გაწოდება. ჩვენ მათ გავუწოდეთ ხელი და მივეცით ბიძგი, რომ შესძლებოდათ სწავლა-განათლების მიღება უნივერსიტეტებში, დღეს ისინი ინტერესდებიან, რომ  თავიანთი შრომით, მონდომებით ახლა სხვას გაუწიონ დახმარება.”

რა სახის საქველმოქმედო აქციებს ჩატარებას გეგმავთ  ყურბან-ბაირამის წმინდა დღესასწაულისთვის?

,,ამ დღისათვის დაახლოებით 5 ტონამდე ყურბნის ხორცი დანაწილება მოსახლეობაში. კერძოდ, ჩვენ ვიყავით ჯანმრთელობის სამინისტროში, სადაც გადმოგვცეს სოციალურად დაუცველი ოჯახების სია, წელს ასეთ 150 პიროვნებას გადავცემთ ხორცს. ასევე საკრებულოებიდან შემოვიდა 30-40 კომლის სია. ეს ხორცი დანაწილდება ასევე ბავშვთა ბაღებში, მახინჯაურისა და ურეხის მიუსაფარ ბავშვთა სახლებში, ფერიის წმინდა მათათას სახელობის მოხუცთა თავშესაფარში, მეჯინისწყალზე ლტოლვილებში, ბათუმის ნომერ 3 საპყრობილეში. ასევე სხვა ქალაქებშიც: ქარელში, წალკაში, ასპინძაში, მაღალმთიან რაიონებში და ა. შ. ყველგან, სადაც გაგვიწვდება ხელი და ჩვენი მიზანი არის ის, რომ იქნებ კიდევ ერთი ოჯახი გავახაროთ ჩვენი ქველმოქმედებით.”

რამდენი ადამიანია გაწევრიანებული ამ დროისთვის ორგანიზაციაში?

ჩვენს ორგანიზაციაში დაახლოებით 1500 ადამიანია გაწევრიანებული და ეს რიცხვი ყოველ დღე იზრდება. ამ ორგანოზაციაში გაწევრიანებული არიან ადამიანები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ და რომლებსაც დახმარება შეუძლიათ”.

ყურბან ბაირამთან დაკავშირებული საქველმოქმედო აქცია "ბათუმის საგანმანათლებლო  და შრომითი  საქმიანობის ურთიერთ დახმარების  საერთაშორისო ფონდმა"–ც ჩაატარა. აღნიშნული ფონდი დაარსებულია რ.შაჰინის სახელობის სკოლა ლიცეუმის მიერ. ფონდმა ყურბნის ხორცით მოაწყო საყოველთაო „დონერის  ფართი“, სადაც  უმარავი მოქალაქე მივიდა და დააგემოვნა თურქული დონერი.
ისლამ ჯი ფონდის დირექტორს, ბატონ აბდულკადირ აქბულუთს გაესაუბრა.

   ბატონო აბდულქადირ პრველ რიგში მინდა მოგილოცოთ ეს დღესასწაული. თუ შეგიძლიათ რამდენიმე სიტყვით გვითხრათ თქვენი ფონდის  მიზნებზე.

"პირველ რიგში მივესალმები ჩემს ქართველ მუსლიმ და ქრისტიან ძმებს, მთელ საქართელოს მოსახლეობას და მიულოცავ ამ უდიდეს დღესასწაულს. დაე ეს დღე ყოფილიყოს მსოფლიოში მშვიდობის, სიყვარულის, ურთიერთ დახმარების, მეგობრობის, ტოლერანტობის, თანადგომის, განმტკიცების დღე.

რაც შეეხება ჩვენს ფონდს, მისი მიზანია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს განათლების დარგის განვითარებაში, დაეხმაროს ხელმოკლე ოჯახების ბავშვებს კარგი განათლების მიღებაში. ფონდი დაარსებულია რ. შაჰინის სახელობის სკოლა–ლიცეუმის  მიერ. აღნიშნული სკოლა–ლიცეუმი რამდენიმე წელია მოქმედებს ბათუმში, როლმელმაც არაერთ ახალგაზრდას მისცა განათლება, ხელი შეუწყო წასულიყვნენ ამერიკაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში სწავლა–განათლების გაღრმავებისათვს. ფონდის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის _ უფრო მეტი ახალგაზრდა იყოს განათლებული.

ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით რა ღონისძიებებს გეგმავთ?

დღეს სკოლის ეზოში გვაქვას ,,დონერის ფართი“. დონერი არის ერთ–ერთი თურქული კერძი, რომელიც ყურბნის ხორცისაგან არის მომზადებული. ჩვენ ამით ვუმასპინძლდებით ყველას, ვიც დაგვეწვევა. ეს ყველაფერი არის უფასო და უანგარო, ჩვენი სადღესასწაულო საჩუქარი. ამასთანავე ყურბნის ხორცს ვუნაწილებთ გაჭირვებულებს, სოციალურად დაუცველ ადამიანებს.

 


1

2

4

5

6

7

110

120

16

160

www.islam.ge

 

 
 

copirght © 2007 - 2018 All rights reserved