ფირნიშები
 
Georgian (Georgia)Turkish (Turkiye)English (United Kingdom)
 
 
მთავარი ახალი ამბები ბათუმში მუსლიმური მარხვის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო ვახშამი გაიმართა
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები

ბოლო სიახლეები





ბათუმში მუსლიმური მარხვის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო ვახშამი გაიმართა ბეჭდვა ელფოსტა
ბათუმში მუსლიმური მარხვის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო ვახშამი გაიმართა. "ქართველ მუსლიმთა კავშირის" ორგანიზებით მოწყობილ რელიგიურ იფთარს (ვახშამს) აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სხვადასხვა რელიგიური კონფესიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ასევე, რამადანის დაწყებასთან დაკავშირებით, თურქეთის ქალაქ ინეგოლის მერიისა და "ინეგოლის ქართული დიასპორის" წარმომადგენლები საგანგებოდ სტუმრობდნენ ბათუმს.
 
საზეიმო ვახშამი მისასალმებელი სიტყვით გახსნა „ქართელ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ ზურაბ ცეცხლაძემ. „მინდა მოგილოცოთ ეს წმინდა თვე, რამადანი. ეს არის თვე უდიდესი მოთმინების, ქველმოქმედების, ღვთისმსახურების და თვე რომელშიც დაიწყო ბოლო ღვთიური სიტყვის გარდმოვლინება კაცობრიობაზე. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივესალმო ჩვენს მობრძანებულ სტუმრებს, სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელ სასულიერო პირებს. რელიგია არ უნდა გახდეს ადამიანთა შორის ურთიერთობის გამყოფი ზღვარი, რადგან უზანაესი ღმერთი სიყვარულს გვავალებს, რაც გულისხმობს ადამიანების მიმართაც სიყვარულს. მინდა გავიხსენო წმინდა მუჰამმედ შუამავალის ქმედება მედინაში, როცა მას სტუმრად ეწვივნენ ქრისტიანი სასულიერო პირები. წმინდა მუჰამმედ შუამავალმა კარვები გაუშალა და დააბინავა მასჯიდი ნაბავიში (შუამავლის მეჩეთი-მედინაში). კვირას, როცა საკვირაო წირვის დრო მოვიდა მათ გაუთავისუფლა მეჩეთი, გამოუყო შესაბამისი ადგილი, რათა საშუალება მისცემოდათ თავიანთი რელიგიის შესაბამისად აღესრულებინათ ლოცვა. როცა მექაში კერპთაყვანისმცემლებმა წმინდა მუჰამმედ შუამავალი და მისი მიმდევრები შეავიწროვეს, შუამავალმა  თავისი მიმდევრები ქრისტიან მეფესთან  ეთიოპიაში გააგზავნა. მუსლიმ ძმებს განუცხადა „წადით ეთიოპიაში იქ განაგებს  ქრისტიანი მეფე, რომელიც არის სამართლიანი და ის შეგიფარებთო“. ქრისტიანი მეფის ქმედებაც სამაგალითო იყო. მან უარი განუცხადა მექელ კერპთაყვანისმცემლებს იმ შეთავაზებაზე და დიდძალ ოქრო-ვერცლის ძღვენზე, რომლის სანაცვლოდ ითხოვდნენ უარი ეთქვა მუსლიმების მფარველობაზე. ბატონებო და ქალბატონებო, ისლამის პირველსავე ხანებში,  ქრისტიანებსა და მუსლიმებს, როცა ასეთი ურთიერთობის მაგალითები გვაქვს დღეს რა გვემართება. რა გვაშორებს ერთმანეთისაგან, რატომ არ ვაძლევთ ლოცვის უფლებას ერთმანეთს.  მრავალფეროვნება,  სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობა, მრავალეთნიკური მოზაიკა ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა.  ამას გფრთხილება და მოვლა სჭირდება, რათა ავაშენოთ დემოკრატიული და სამაგალითო ქვეყანა“,- აღნიშნა ზურაბ ცეცხლაძემ.
 
სრულიად საქართველოს მუფთმა ჯემალ პაქსაძემ მუსლიმებს ბაირამი მიულოცა და აღნიშნა, რომ ისლამის მიმდევრებმა წელიწადის ერთი თვე, რამადნის თვე უნდა იმარხონ. "საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ვულოცავ მარხვის ძვირფას დღეებს. მარხვის მადლი ჰფარავდეს ყველას, განურჩევლად ერისა და აღმსარებლობისა. რამადანი არის ისლამის საფუძვლიდან ერთ-ერთი პირობა, რომ ადამიანმა წელიწადში ერთი თვე უნდა იმარხულოს. შემდეგ კი საზეიმო ბაირამით აღნიშნოს მარხვის დასრულება", - აღნიშნა ჯემალ პაქსაძემ.
 
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ მუსლიმ მრევლს რამადანის დაწყება მიულოცა და მრევლს ზაფხულის გრძელ დღეებში მარხვის დროს გამძლეობა უსურვა: "ჩვენს დებს და ძმებს, სისხლს და ხორცს, ვულოცავ რამაზანის დაწყებას, ვუსურვებ ჯანმრთელობას, სიკეთეს, ბედნიერებას. ვიცი, რომ ყველაზე რთული დრო მარხვისთვის არის ზაფხული, დღე ყველაზე გრძელია და ყველას ვუსურვებ გამძლეობასა და ბედნიერებას", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.
 
რამადანი ისლამური კალენდრის მეცხრე თვის სახელწოდებაა. ამ თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველა მუსლიმი მარხულობს. ამ დროს, ისინი ყველანაირ საჭმელზე, სასმელსა და სქესობრივ კავშირზე უარს ამბობენ. მოხუცები ავადმყოფები, მოგზაურობაში მყოფი ადამიანები და ფეხმძიმე ქალები ნებადართული არიან ამ დროს მარხვა დაარღვიონ, თუმცა წელიწადის სხვა დროს მათ ეს მარხვა უნდა შეასრულონ (აანაზღაურონ). 

 
"ქართველ მუსლიმთა კავშირის" წარმომადგენლებმა ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარს, მთავარეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილს რელიგიათაშორის მეგობრობის გამყარებისთვის სპეციალური დიპლომი გადასცეს. მთავარეპისკოპოსმა მუსლიმებს რამადნის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს თვე მუსლიმების სულიერი აღმავლობის თვეა. 

"მივულოცავ ჩვენს მუსლიმ დებსა და ძმებს ამ ძვირფას დღესასწაულს. ეს თვე მუსლიმების სულიერი აღმავლობის თვეა. შემდეგ კი არის ბაირამობა. ვუსურვებ მთელ სამშობლოს, შეგვეძლოს ერთად ვიზეიმოთ ყველა ის საზეიმო, რაც გვაქვს", - აღნიშნა მალხაზ სონღულაშვილმა. 
 
"ქართველ მუსლიმთა კავშირის" ხელმძღვანელის, ტარიელ ნაკაიძის თქმით, მარხვის თვეში მუსლიმებისთვის მნიშვნელოვანია ღვთისმსახურება, ქველმოქმედება, გაჭირვებულების დახმარება და სწორედ ქველმოქმედების ერთ-ერთი მაგალითია, მარხვის თვეში მორწმუნე ადამიანების ვახშამზე მიპატიჟება.

წელს რამადანი დაიწყო 9 ივლისს და დასრულდება 8 აგვისტოს რელიგიური დღესასწაულის, ბაირამის აღნიშვნით. ისლამის წესის მიხედვით, ყოველდღიურად 5 დროის ლოცვა სრულდება. მარხვის თვეში ძილისწინა ლოცვის შემდეგ სრულდება დამატებით, თარავის ლოცვა, რომელიც 1 საათს გრძელდება. რამადნის თვე მნიშვნელოვანია იმითაც, რომ სწორედ რამადანის თვეში დაიწყო ღვთიური სიტყვა "ყურანის" მოვლინება, რომელიც 23 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
 
"ქართველ მუსლიმთა კავშირი" დაარსდა 2008 წელს. კულტურულ-რელიგიური ორგანიზაციის მიზანია, საზოგადოებას გააცნოს ისლამი სწორი მიმართულებით და დაამსხვრიოს ისლამის მიმართ არასწორი სტერეოტიპები. ასევე, ორგანიზაცია ხელს უწყობს საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველი მუსლიმების დაახლობას, ეხმარება მათ ქართული ცნობიერების ჩამოყალიბებაში და აღნიშნულთან დაკავშირებით, მართავს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს.
 
ISLAM.GE  
 

 
 

copirght © 2007 - 2018 All rights reserved