ფირნიშები
 
Georgian (Georgia)Turkish (Turkiye)English (United Kingdom)
 
 
მთავარი ახალი ამბები საჯარო ლექცია- დისკუსია ბათუმში - „ურთიერთკავშირები ქრისტიანობასა და ისლამს შორის
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები

ბოლო სიახლეები





საჯარო ლექცია- დისკუსია ბათუმში - „ურთიერთკავშირები ქრისტიანობასა და ისლამს შორის ბეჭდვა ელფოსტა
„ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ორგანიზებით ბათუმში ლექცია-დისკუსია თემაზე „ურთიერთკავშირები ქრისტიანობასა და ისლამს შორის“ მოეწყო. ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ლექცია წაიკითხა ბრიტანელმა მეცნიერმა ტაჯ ჰარგიმ, რომელიც ბრიტანეთში ცნობილია როგორც, ცნობილი მუსლიმი მეცნიერი და იმამი. დისკუსია ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, რომლის დროსაც განხილული იყო სხვადასხვა საკითხი. მათ შორის, თუ რომელი რელიგიის მიმდევრები უნდა იყვნენ სხვადასხვა რელიგიის მიმდევარი წყვილის შვილები. ასევე, დისკუსიის დროს საუბარი შეეხებოდა შერეული ქორწინების საკითხებს.  ტაჯ ჰარგი აღნიშნავს, რომ მისთვის ამოსავალი წერტილია ყურანის მოძღვრება:

 „ჩემი მისიაა ისლამის გზავნილი გითხრათ. ისლამის ფილოსოფიაა, რომ ქრისტიანები და მუსლიმები ერთად მშვიდად ცხოვრობდნენ. ისლამი გვიქადაგებს, რომ ტოლერანტები უნდა ვიყოთ რელიგიის მხრივ. არ უნდა იყოს ექსტრემიზმი არც მუსლიმური სახელმწიფოების და არც ქრისტიანული სახელმწიფოების მხრიდან. მყავს ქრისტიანი მეუღლე, 20 წელია დაქორწინებული ვართ. ოქსფორდის უნივერსიტეტში ვკითხულობ ლექციებს და ვარ იმამი ოქსფორდის მეჩეთში. ჩვენ მშვიდად ვცხოვრობთ. არ მინდა ადამიანები რელიგიის გამო დისკრიმინაციას განიცდიდნენ“, - აღნიშნა თაჯ ჰარგიმ.

ასევე, ტაჯ ჰარგი არის ოქსფორდის ისლამური კონგრეგაციის და ყველაზე გონიერი მუსლიმთა თემის იმამი გაერთიანებულ სამეფოში. დღესდღეობით, დოქტორი არის ინოვაციური ისლამური სკოლების დამფუძვნებელი. მისი ლიბერალური შეხედულებები რეგულარულად ქვეყნდება  ეროვნულ პრესაში. მას ხშირად იწვევენ ადგილობრივ და სახელმწიფო რადიოებსა და ტელევიზიებში.

ტაჯ ჰარგი ბათუმში მეუღლესთან ჯაკი ვუდმანთან ერთად იმყოფებოდა. როგორც ჯაკი ვუდმანმა აღნიშნა, მისთვის ხელისშემშლელი არ არის სხვა რელიგიის მიმდევარ მეუღლესთან ერთად თანაცხოვრება. მისივე თქმით, ისინი პატივს სცემენ ერთმანეთის რელიგიას:

„მე და ჩემი ქმარი დიდი ხანია ვართ ქორწინებაში. სხვადასხვა რელიგიის მიმდევარი ვართ, მაგრამ როგორც საკუთარ ასევე, შენი პარტნიორის რელიგიას უნდა სცემდე პატივს. როგორც წყვილს უნდა გაგაჩნდეს სულიერი სივრცე. ჩვენ გაგვაჩნია ეს სივრცე, ჩვენ პატივს ვცემთ რელიგიურ ტრადიციებს. როგორც მუსულმანებს ისევე ქრისტიანებს გაგვაჩნია ერთნაირი ფასეულობები ღმერთის პატივისცემის მხრივ, რადგან ეს მოიცავს სიკეთეს. იმის გამო, რომ ჩემი ქმარი მუსულმანია, მე არ მიშლის ხელს რომ ვიყო ქრისტიანი“, - აღნიშნა ჯაკი ვუდმანმა.

შეხვედრა „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ორგანიზებით ჩატარდა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტარიელ ნაკაიძემ აღნიშნა, დისკუსიის მიზანი იყო ფართო საზოგადოებისთვის მიეწოდებინა სწორი ინფორმაცია ორი დიდი რელიგიის შესახებ:

„ბათუმში მოვიწვიეთ, რათა გარკვეულწილად მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას რელიგიებს შორის ურთიერთობის შესახებ. ანუ რელიგია არ უნდა იყოს გამყოფი ზღვარი ადამიანების ურთიერთობებში. თვითონ ისინი კარგი მაგალითი არიან, რადგან დიდ ბრიტანეთში მათი მოღვაწეობა ინტერ-რელიგიურ დიალოგთან დაკავშირებით არის მნიშვნელოვანი. საკუთარ ცხოვრებაში რეალიზებულნი არიან, იქედან გამომდინარე, რომ ბატონი თაჯი არის მუსლიმი, ხოლო ქალბატონი ჯაკი ქრისტიანი, 20 წელია შეუღლებულები არიან და რელიგიური თვალსაზრისით არ აქვთ რაიმე პრობლემა“, - აღნიშნა ტარიელ ნაკაიძემ.

დოქტორი ტაჯი ჰარგი და მისი მეუღლე, ჯაკი ვუდმანი საქართელოში მოწვეულნი არიან საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსის მალხაზ სონღულაშვილის მიერ. თბილისის მშვიდობის საკათედრო ტაძარში 7 ივლისს ჩატარდება საკვირაო ლიტურგია, სადაც ბრიტანელი მუსლიმი მეცნიერი შეასრულებს ქადაგებას ზემოთ მოცემული თემაზე.

  

 
 

copirght © 2007 - 2018 All rights reserved